„ცალკე გაკეთდება გაიდლაინები სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის"

შესაძლებელია, აჭარა იყოს ერთ-ერთი იმ ოფციებს შორის, რომელიც იქნება დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, აჭარას, ისევე, როგორც სხვა ტურისტულ ადგილებს საერთაშორისო ვიზიტორების მიღება 1-ელი ივლისიდან, ხოლო საქართველოს მოქალაქეების, 15 ივნისიდან შეეძლება.

„შესაძლებელია, აჭარა იყოს ერთ-ერთი იმ ოფციებს შორის, რომელიც იქნება დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირებული. მე ასევე გამოვყოფდი ძალიან ღირებულ გამოცდილებას, რომელიც აჭარაში განთავსებულმა სასტუმროებმა უკვე დანერგეს კარანტინის პროექტით. საკმაოდ დიდი რაოდენობით სასტუმროები გვაქვს ათვისებული ამ პროექტის ფარგლებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარაში მყოფ კერძო სექტორთან და საერთო ჯამში ჩვენ მთავარი მესიჯი გვაქვს ის, რომ 15 ივნისიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ისევე როგორც აჭარაში, სხვა ტურისტულად აქტიურ ადგილებში იმოგზაურებენ და 1-ელი ივლისიდან კი საერთაშორისო მოგზაურებს ექნებათ საშუალება მათთვის სასურველ კურორტებზე იმოგზაურონ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება გაიდლაინებს, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ყველა კურორტისთვის მსგავსი.

„ჩავშლი კერძო სექტორის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ცალკე გაკეთდება გაიდლაინები სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის. შესაძლებელია იყოს მკაცრი ზომები, თუმცა ეს სიმკაცრე ყველას გადაგვაზღვევს როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო მოგზაურებსაც. ინფრასტრუქტურის ნაწილში, ბუნებრივია, ზაფხულის და ასევე ზამთრის კურორტებზე ვიწყებთ მუშაობას, რადგან ერთმნიშვნელოვნად იდენტური ღირებულების მატარებელია. ყველა ერთად ნახავთ სიახლეებს,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.