ყველა უსაფრთხო დერეფნის დაცვით, პირველ ეტაპზე ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შედარებით მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამ კუთხით მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს.
„ვსაუბრობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ. „აირზენას“ შემთხვევაში ეს სულ მცირე 2 მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც უკვე დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ტურისტები შემოიყვანონ საქართველოში. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან და ახლო კავშირში ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, საიდანაც ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა.
თუმცა, ყველაზე რეალისტურია, რომ ყველაზე მეტი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ, ეს კოვიდამდეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება იყო და მათთვის უფრო მარტივია იმიტომ, რომ არამხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოვიდნენ. ჩვენ ყველა უსაფრთხო დერეფნის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.