UNWTO-მ საერთაშორისო ტურიზმის მომავლის 3 სავარაუდო სცენარი გამოაქვეყნა

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) აცხადებს, რომ ახალი კორონვირუსის პანდემიამ, საერთაშორისო ტურიზმი კრახის წინაშე დააყენა. იმავდროულად, ორგანზაციამ ტურიზმის გადარჩენის სამი შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა.

პანდემიის გამო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 22 პროცენტით არის შემცირებული. ყველაზე მკვეთრი, 57-პროცენტიანი კლება მარტში დაფიქსირდა, როცა მსოფლიო საყოველთაო კარანტინმა მოიცვა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურისტულმა ბიზნესმა 67 მილიონი ტურისტი და დაახლოეით 80 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.

UNWTO-ს მთელი წლის პროგნოზით, ტურისტების რიცხვის 60-80 პროცენტით კლებაა ნავარაუდები. ამით ყველაზე მეტად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი იზარალებს, რომლის ქვეყნების უმეტესობის განვითარება, მეტწილად სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო ტურიზმის ახალი რეალობა ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, რაც მგზავრთა გადაყვანას, პლაჟებს, მუზეუმებს, რესტორნებსა და კაფეებს, სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს და უამრავ სხვა სფეროს შეეხება. აუცილებელი ხდება დაცვის ინდივიდუალური საშუალებების და დეზინფექციის გამოყენება.

UNWTO-ს სამივე სცენარი, დიდწილად ქვეყნების მიერ, კარანტინის გაუქმებაზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად საზღვრები სრულადაა ჩაკეტილი და შესაბამისად, ტურიზმი მთლიანად არის გაჩერებული. თუმცა ქვეყნები უკვე იწყებენ საზღვრების გახსნას. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის, შიდა მიმოსვლა 15 მაისს განახლდება. ავიაკომპანიები ნელ-ნელა იწყებენ რეისების განახლებას.

პირველი სცენარის მიხედვით, საერთაშორისო საზღვრების გახსნა და მასთან ერთად, მგზავრობაზე შეზღუდვების მოხსნა, ივლისიდან დაიწყება. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 58 პროცენტით დაიკლებს.

მეორე სცენარის შესაბამისად, საზღვრების გახსნა და საერთაშორისო მგზავრობა სექტემბერში დაიწყება. ამ შემთხვევაში, წლის განმავლობაში ტურისტების რიცხვი 70 პროცენტით შემცირდება.

ყველაზე უარესი სცენარის შესაბამისად, საზღვრების გახსნა და მგზავრობის განახლება დეკემბერზე ადრე არ მოხდება და ამ შემთხვევაში, ტურისტების რაოდენობა 80 პროცენტით შემცირდება.

ამ სამი სცენარის შესაბამისად, საერთაშრისო ტურისტული ბიზნესი, 850 მილიონიდან 1.1 მილიარდამდე ტურისტს დაკარგავს. შესაბამისად, ქვეყნები 100-120 მილიონ სამუშაო ადგილს და 1.2 ტრილონ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავენ.

როდიდან დაიწყება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა
როდიდან შეძლებს საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას
„სამუშაოების მოცულობა 40%-ით შემცირდება“ - როგორ მუშაობს სამშენებლო ბიზნესი ახალ პირობებში