შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.