საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
ამის შესახებ ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების გამო საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის.
„ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს უკვე 10 ათასს გადააჭარბა COVID-19 -ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რიოდენობამ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაპირებთ მომავალში ამ მიმართულებით, ამ გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.
პანდემიის გავრცელებისთანავე ჩვენმა სახელმწიფომ განსაზღვრა ორი ძირთადი მიზანი - უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. საელჩოების დახმარებით, მოქალაქეების დაბრუნება ხორციელდება სამი გზით - საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ამ დროისთვის განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 სპეციალური ავიარეისი. საანგარიშო პერიოდში სააკოორდინაციო საბჭოზე ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხორციელება“, - განაცხადა ზალკალიანმა.