დავით ზალკალიანის განცხადებით, პირველ რიგში, ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები ბრუნდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის გამო, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და შესაბამისი ფორმებით.

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები ბრუნდებიან, რაც ამ დროის მონაცემებით 2828-ს შეადგენს.

„კორონავირუსის გამო, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და შესაბამისი ფორმებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფას და გამომგზავრებას. ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნების და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნებას. საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით ამ კატეგორიის 2828 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგა პრევენციული ნაბჯები. ამის საუკეთესო მაგალითია ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ეს პრობლემა არ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მაღალი რისკის ზონებიდან. კერძოდ იტალიიდან და ჩინეთიდან," - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში საერთო 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.