გაზრდილი მოგება და სესხები - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსოების ბაზარი ერთ წელიწადში

2020 წლის პირველი კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 18,462 მლნ ლარის მოგებით დაასრულეს.

ეს კი ბოლო რამდენიმე კვარტლის რეკორდული მაჩვენელია. მეტიც, 2019 წლის პირველ კვარტალი საფინანსო ბაზრის ამ სექტორმა 37,464 მლნ ლარის ზარალით დახურა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 18 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში მისო-ებში სულ დასაქმებული იყო 4 202 ადამიანი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 225.

მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 11 ერთეულით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2019 წლის პირველ კვარტალში 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 388 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2020 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 377-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში შემცირდა მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,113 მლრდ ლარის სესხი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,122 მლრდ. იურიდიულ პირებზე 2019 წლის პირველ კვარტალში გაიცა 23,230 ათასი ლარის სესხი, 2020 წლის პირველ კვარტალში კი 37,313 ათასის.

საერთო ჯამში კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,134 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს. კერძოდ, 2020 წლის 3 თვეში გაიცა 1,150 მლრდ ლარის კრედიტი, 2019 წელს კი 1,145 მლრდ ლარის.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სტრუქტურას, 2020 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,113 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 459,1 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. 273,2 - სამომხმარებლო სესხი, 202,4 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.