დავით ზალკალიანის განცხადებით, განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელთა საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელთა საშუალებითაც მოხდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

„ხვალ გვექნება ბერლინიდან რეისი და შემდგომ უკვე საგანგებო სიტუაციის პირობებში კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა. კერძოდ, 12 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით, 15 მაისს თბილისი- ამსტერდამის მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებენ სპეციალურად მხოლოდ ამერიკის კონტინენტიდან წამოსული ჩვენი მოქალაქეები. ასევე 18 მაისს იქნება თბილისი - ლარნაკას რეისი, 20 მაისს შესრულდება თბილისი-ათენის რეისი და 22 მაისს, ეს თარიღი ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის დასრულების თარიღს და გახსოვთ თქვენ, რომ პირველი სპეციალური რეისები სწორედ რომიდან დაიწყო და ჩვენ ასევე სიმბოლურად, 22 მაისს გვექნება რეისი რომიდან,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით მოხდება მათი დაბრუნების პროცესი, ეს დამოკიდებული იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

ზალკალიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულარული ფრენები აღდგება, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი, შესაძლოა, სწორედ რეგულარული ფრენებით მოხდეს.