ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. არნო „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა.
ახალი კორონავირუსის გამო, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან ერთადერთია.
კერძოდ, 30 აპრილის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 5.20 მლრდ დოლარად იყო შეფასებული; 7 მაისის მონაცემებით კი - 5.17 მლრდ დოლარია. შესაბამისად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მისი ქონება 30 მლნ დოლარით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.