კორონავირუსმა გერმანული კომპანიების 60% დააზარალა

კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო, გერმანული კომპანიების 60% უკვე დაზარალდა.

კომპანიების 80% კი წელს შემოსავლის შემცირებას ელოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ფედერალური ასოციაციის (DIHK) მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

10 ათასზე მეტი ბიზნესოპერატორის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ ინდუსტრიულ, სამშენებლო და მომსახურების სექტორში, 2020 წელს შემოსავლის შემცირებას ელოდებათ, მეოთხედი თვლის, რომ შემცირება 50%-ზე მეტი იქნება. კომპანიების დაახლოებით 43%-ს გაუუქმდა შეკვეთები, ხოლო მესამედზე მეტს ინვესტიციების შემცირება მოუხდა.

კომპანიების თითქმის ნახევარი იძულებული გახდა ნაწილობრივ ან სრულად შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ კომპანიების მეოთხედმა აპრილის ბოლოს მუშაობა განაახლა, დანარჩენი კი საქმიანობას ორი კვირის განმავლობაში დაიწყებს.

ამასთან, კომპანიების მესამედზე მეტი თვლის, რომ კორონავირუსამდელ მდგომარეობას 2021 წლამდე ვერ დაუბრუნდებიან.

”ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდი სირთულეებს წავაწყდით“, - განაცხადა DIHK-ის პრეზიდენტმა ერიკ შვაიცერმა და დასძინა, რომ „ეკონომიკის აღდგენას კიდევ დიდი დრო დასჭირდება“.

როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიას პროგნოზირებს. მათი გათვლებით, COVID-19 პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდება.