თბილისის მეტროს რეაბილიტაცია დაანონსებულ ვადებში დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები არ შეჩერებულა და მაქსიმალური ძალისხმევით გრძელდება.
„სამუშაოები დროულად დამთავრდება. ეს იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არაფერზე დაუდია არავის, არაფერი შეუცვლია და გაუკეთებია იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება ძალოვანი კაბელები. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, ეს არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, თუ არ ვცდები, შვეიცარიულ-ავსტრიული კომპანია. სამუშაოები არ შეჩერებულა და მაქსიმალური ძალისხმევით გრძელდება. შეიძლება იმ ტემპით არა, როგორც ეს ნორმალურ ვითარებაში და პერიოდში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს ელექტროსადენების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია გასული წლიდან მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა. საერთო ჯამში, გამოიცვლება 191 000 მეტრის დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული გამნიავებელი (ვენტილატორი). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგო ეფექტურობა.
თბილისის მეტროსადგურებში ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა 1966 წლის შემდეგ არ გამოცვლილა.
მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.