გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე მოსწავლეებისათვის ვებინარები გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან აგრძელებს ვებინარებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, დედამიწის ისტორია, ნიადაგის დეგრადაცია, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, მდგრადი განვითარება, ქართული ღვინის ისტორია. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 201-მა მოსწავლემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.