„პოტენციურ დამკვეთებთან პერსპექტივა უფრო დავკარგეთ, ვიდრე შემოსავლები“ - კომპანია „ხილჩხელა“ კორონავირუსის შედეგებზე

„პოტენციურ დამკვეთებთან პერსპექტივა უფრო დავკარგეთ, ვიდრე შემოსავლები“- ამის შესახებ „ხილჩხელას“ შესყიდვების მენეჯერმა დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსს“ კორონავირუსით გამოწვეული შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიამდე კომპანია ადგილობრივ სასტუმროებთან, ასევე, რამდენიმე ქვეყანასთან თანაშრომლობას აპირებდა, მეტიც, ხელშეკრულებები თითქმის მზად იყო, თუმცა გეგმები ჩაიშალა.

ამასთან, როგორც დავით რამაზაშვილი ამბობს, ერთი შეკვეთა გაუქმდა საფრანგეთიდანაც. რის გამოც კომპანიამ დაახლოებით, 15 000- 20 000 დოლარის ზარალი მიიღო.

ცნობისთვის, ბრენდი „ხილჩხელა“ ( Fruitchkhela) ბაზარზე გასული წლის მიწურულს გამოჩნდა. ეს არის ნატურალური წვენებით დამზადებული თათარა, რომელსაც ნუშის, ნიგვზის და თხილის შიგთავსი აქვს. ნედლეული კი, მთლიანად ადგილობრივია.

პროდუქტის მწარმოებელი შპს „პროდლაინია“, რომელიც შეკვეთებს საფრანგეთისთვის ამზადებს. აღნიშნული ქვეყნიდან მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ კომპანიამ პირველ ეტაპზე ადგილობრივ ქსელებში შესვლაც კი ვერ მოახერხა.

ამ დროისთვის „ხილჩხელა“ 3 დასახელების პროდუქტს ამზადებს, საწარმოში კი, 5 ადამიანია დასაქმებული.

„როგორც ყველა კომპანიას, ჩვენც გაჩერებული გვქონდა წარმოება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მოყოლებული, მთელი აპრილის განმავლობაში არ გვიმუშავია. სამწუხაროდ, თანამშრომლებიც ერთი თვე უხელფასო შვებულებაში გვყავდა.

რაც შეეხება ზარალს, როგორც იცით, პროდუქტი ძირითადად ექსპორტზე, საფრანგეთში გაგვაქვს და ერთი თვის შეკვეთა ჩაგვივარდა, რაც თანხებში დაახლოებთ, 15 000-20 000 დოლარის ზარალს უდრის.

გარდა ამისა, ადგილობრივ სასტუმროებში ვაპირებდით შევლას, თუმცა როდესაც ეს ამბები დაიწყო, სასტუმროები დაიხურა და ჩვენც გაჩერება მოგვიწია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გადავალაგოთ პრიორიტეტები. ალბათ, ქსელებში შესვლას ცოტახანი გადავდებთ, რადგან აღდგენის პერიოდი იქნება საჭირო და სავარაუდოდ, მოთხოვნა ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იქნება“,-ამბობს დავით რამაზაშვილი.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ახალი გახსნილია, ძალების აღდგენას შედარებით სწრაფად, დაახლოებით, 2 თვეში შეძლებს. თუმცა, როგორც დავით რამაზაშვილი ამბობს, მანამდე, მთავარი პრობლემა პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაციის აღდგენა იქნება.

„ესპანეთთან, გერმანიასთან და რუსეთთან ფაქტობრივად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვიყავით, თუმცა აქაც გაჩერება მოგვიწია. ამ თვეში კომუნიკაციის განახლებას ვაპრებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ პროგრესი არ გვაქვს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პოტენციურ დამკვეთებთან პერსპექტივა უფრო დავკარგეთ, ვიდრე შემოსავლები.

სხვა მხრივ, ჩვენ სხვებთან შედარებით ალბათ, ზარალი ძალიან დიდი არ გვექნება. იმიტომ, რომ დეკემბრის ბოლოდან დავიწყეთ მუშაობა. ალბათ, 2 თვე მაინც დაგვჭირდება, რომ პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ“,- ამბობს დავით რამაზაშვილი.

ნინი ქეთელაური
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა
„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე