„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე

„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“, -ამის შესახებ კომპანია „ცომის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ სარაჯევმა „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „შეფი სარაჯეფი“ 16 მარტიდან დაკეტილია, თანამშრომლები კი უხელფასო შვებულებაში არიან.

ამასთან, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, სანამ ობიექტი გაიხსნება, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდე გაიზრდება, რის გამოც კომპანიას წლის ბოლომდე მაინც, თანშრომლების შენარჩუნებისთვის მოუწევს მუშაობა.

ცნობისთვის, რესტორანი სახელწოდებით „შეფი სარაჯეფი“ კომპანიამ „ცომი“ გასული წლის 8 ივლისს გახსნა, რომელიც 30-მდე სტუმარზეა გათვლილი. კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი, ყველასთვის კარგად ნაცნობ, სარაჯიშვილების მეექვსე თაობას წარმოადგენს და აღნიშნული ობიექტის კონცეფციაც სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა. კერძოდ, რესტორანი მისი ოჯახის კუთვნილ ძველ სახლში განთავსდა, სადაც არსებულ სიძველეებს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა. ობიექტში პატარა ღვინის მარანიც მოეწყო, სადაც საოჯახოსთან ერთად, ადგილობრივი მწარმოებლების 30-მდე სახეობის ღვინოა წარმოდგენილი.

თავის მხრივ კი, კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მიზანი კი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.

„რესტორანი გაჩერებულია 16 მარტიდან. სამწუხაროდ, აქ თანამშრომლებს უხელფასო შვებულება მოუწია. საუბარია, 4 ადამიანზე. ისიც კი არ ვიცით, როდესაც მუშაობის უფლებას მოგვცემენ, რა დატვირთვით გავაგრძელებთ საქმიანობას. გვეყოლება თუ არა იგივე შემადგენლობა, რადგან რესტორანში კატასტროფული მდგომარეობაა. ობიექტში გვქონდა 7000-დან 8000 ლარამდე პროდუქციის მარაგები, რომელსაც ბუნებრივია, თავის ვადა აქვს. ალბათ, სანამ გავიხსნებით, ეს ზარალი 10 000 ლარზეც ავა. მარაგების შევსებაც ხომ დაგვჭირდება“,- ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.

მისი თქმით, კომპანიას სავარაუდოდ, ეს წელი თვითგადარჩენაზე მოუწევს მუშაობა.

„ახლა ჩემი უპირველესი მიზანია, რომ თანამშრომლები მაინც შევინარჩუნოთ და დანახარჯების გამომუშავება შევძლოთ“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ნინი ქეთელაური
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა
ქალაქები, სადაც პანდემიის მიუხედავად ელიტური უძრავი ქონება გაძვირდება - Knight Frank-ის ანგარიში