მთავრობამ განსაზღვრა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც 11 მაისიდან დაშვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შერბილების და რიგი საქმიანობის განახლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ ისაუბრა.
მთავრობის 8 მაისის დადგენილების მიხედვით კი, რომელიც 11 მაისიდან ამოქმედდება, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
- ნებისმიერი სახის წარმოებისა და მოპოვებისა;
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობისა;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (მათ შორის, ბენზინისა და დიზელის), წყლის რეალიზაციისა/შესყიდვისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, თხევადი აირის მიწოდებისა/რეალიზაციისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
- კომერციული ბანკების საქმიანობისა;
- იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
- საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
- ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
- საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
- სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობისა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა (მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით);
- მიტანის მომსახურებისა (ე. წ. „დელივერი სერვისი“);
- დისტანციური (ე. წ. „ონლაინ“) ვაჭრობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა);
- კერძო დაცვითი საქმიანობისა;
- საადვოკატო საქმიანობისა;
- ავტომობილების, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექნიკური მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობის, მათ შორის, ავტოსამრეცხაოების საქმიანობისა, ასევე ამავე სუბიექტების მიერ ტექნიკური მომსახურების გასაწევად აუცილებელი ნაწილების/აქსესუარების/მასალის ადგილზე რეალიზაციისა;
- პრესის ჯიხურებისა;
- ნავთობისა და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;
- ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად);
- დასაწყობებისა და შენახვის საქმიანობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა, გარდა საბაჟო საწყობებისა);
- დაშვებული ეკონომიკური საქმიანობებისთვის შესაფუთი მასალების/ტარის მიწოდებისა და რეალიზაციისა, აგრეთვე ეტიკეტირებისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- სამშენებლო-სარემონტო საქმიანობისა, ასევე სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა და ექსტრადიციის განხორციელების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების აღსრულების მიზნით სათარჯიმნო საქმიანობის განხორციელებისა;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის, კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების რემონტის მომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან დაშვებულია ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ასევე იმ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტების (მაღაზიების) ფუნქციონირება, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, გარდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრებისა (შეზღუდულია ე. წ. მოლები და ყველა სხვა ტიპის ბაზრობები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაშვებული ბაზრების/ბაზრობებისა).