ნოდარ ლატიბაშვილი დღეს წარმატებული ფერმერია. მან სამეურნეო საქმიანობა 5 წლის წინ წამოიწყო საგარეჯოს ახლოს - ააშენა ნამჯის სახლი, მარანი, დაამუშავა მიწა, სადაც უკვე მოჰყავს ყურძენი, ხორბალი, ბოსტნეული... ყველაფერი აკეთებს, რომ ამ ადგილას აგროტურიზმი განვითარდეს...
ნოდარ ლატიბაშვილმა საგაზაფხულო სამუშაო ადრე დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს საქმიანობა გაზაფხულზე წუთითაც არ შეუჩერებია, მსოფლიო პანდემიამპრობლემები მაინც შეუქმნა. როგორ შრომობს ის ამ რთულ პერიოდში და რა გეგმები აქვს, ამაზე თავად გვესაუბრება.
- ხორბალი, წითელი დოლი, შემოდგომაზე დავთესე. ასევე დათესილი მაქვს კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, საზამთრო, სიმინდი, ლობიო, ბადრიჯანი, მალე პამიდვრის ჩითილებსაც დავრგავ და კიტრსა და წიწაკას დავთესავ. ამ ვირუსით გამოწვეული პრობლემებისთვის მზად არავინ იყო. არ ველოდი ასეთ სირთულეებს, თორემ კიდევ რამეს დავრგავ-დავთესავდი. ჩითილების საყიდლად თბილისში ჩასვლა მჭირდება, მაგრამ ავტომანქანით გადაადგილება ჯერ აკრძალულია.
- საშვი არა გაქვთ?
- იქნებ როგორმე ცხელ ხაზზე დარეკვა მოვახერხო საშვის ასაღებად, ძალიან ძნელია დაკავშირება,ყველაზე მთავარი შეფერხება ჩაკეტილი გზა და მუშახელია, აყვანა უკვე ძალიან ჭირს.
- ბევრ მუშას ქირაობდით?
- როცა სამუშაო დიდია, ვენახში 10-15 კაცი მიმყავს. ბუნებრივია, ამჟამად ეს არ გამოვა, ხალხის შეკრება აკრძალულია.
- როგორ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?
- როგორც აქამდე. სხვადასხვა მომსახურება დიდად არ გაძვირებულა, რომ პროდუქცია გამიძვიროს. გაძვირებული მექანიზაციის მომსახურებაა - ტრაქტორის დაქირავება ხომ მჭირდება მიწის დასახნავად. მიზეზად ასახელებენ, რომ ცვეთადი ნაწილები დეფიციტურია, ფუჭდება, ზიანდება. აქედან გამომდინარე, მომსახურება გაძვირდა.
- გასულ წლებთან შედარებით რა ვითარებაა, ამ დროისთვის უფრო მეტი საქმე გაქვთ ხოლმე მოსწრებული?
- ამ პერიოდისთვის სავენახო სამუშაოა, რაც უკვე დასრულებული უნდა იყოს. წლეულსაც გასულ თვეში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო, მუშახელი არა მყავს და ვენახში მარტო ვმუშაობ. არადა, ახალი ვენახი მაქვს ჩაყრილი, თანაც დიდ ფართობზე, ამიტომაც საქმეც მეტია და შესაბამისად, ვადაშიც ვეღარ ვეტევი.
- რა ყურძენი გაქვთ?
- რამდენიმე ჯიში მაქვს გაშენებული, იშვიათი კახური ჯიშებია, არის სიმონასეული, შავი რქაწითელი, კახური მწვანე და ხიხვი. იშვიათი ჯიშებია სიმონასეული და შავი რქაწითელი.
- ვენახი რა ფართობზეა?
- დაახლოებით 2 ჰექტარზე. ნახევარი ჰექტარი ძველი ვენახია, სადაც რქაწითელია ჩაყრილი. ხორბალი ასე, 3 ჰექტარზეა, სადღაც 1 ჰექტარზე - ლობიო, სიმინდი... პატარა ბოსტანიც მაქვს.
- ამ 5 წელიწადში ბევრი რამის გაკეთება მოგისწრიათ...
- კი, ავაშენე ნამჯის სახლი, მარანი, სადაც ქვევრები 20 ტონა ღვინოზეა გათვლილი. წლეულს წარმოებასაც დავიწყებ, ბოთლებში ჩამოსხმას ვაპირებ - რქაწითელი და მაღრანული მექნება.
- პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- შეზღუდვებმა საქმე გამირთულა, თუმცა ის კი ვისწავლე, რომ გაისად, ალბათ, უფრო მომზადებული ვიქნები, სხვანაირად დავგეგმავ სამეურნეო საქმეებს.