საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება.
მისი თქმით, ამ რეისით საქართველოში 180-მდე მგზავრი ჩამოვა, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.
„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით.
ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ”, - განაცხადა კონსტანტინიდმა.
მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.