საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული დისტანციური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა
შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკის გახსნის პროცესისა და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტებისთვის საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება იყო.
„დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად არაერთი ბუნდოვანი საკითხი დაგროვდა, რომელზე საპასუხოდაც მოვიწვიეთ კომპეტენტური პირი და ბიზნეს სექტორს საშუალება მივეცით უშუალოდ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიეღოთ პასუხები. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია; საქმიანობის აღდგენის ნებართვის გაცემის პროცედურები და ვადები და აუცილებელი მოთხოვნები, ნებართვის მინიჭების შემდგომი მონიტორინგი; საჯარიმო სანქციები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სხვა,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეხვედრას, რომელსაც 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ვითარების პერიოდში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა „ბიზნესთან დისტანციური შეხვედრების“ პროექტი, რომლის საშუალებითაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ აქტუალური საკითხების შესახებ კომპეტენტური პირებისგან მიიღონ პასუხები და რეკომენდაციები.