„მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველთვიურად სოლიდური შენატანები აკლდება - თხევადი აირის ინდუსტრია ცვლილებებს საჭიროებს“

საქართველოში თხევადი აირის (LPG) იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპებით ხასიათდება.

ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

კავშირის ცნობით, აღნიშნულ ბიზნესში შესვლა და საქმიანობის დაწყება მარტივია და ამ მხრივ რაიმე სახის შემზღუდველი ფაქტორი არ არსებობს. თუმცა, ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო აღნიშნული დარგი სწორედ არ ვითარდება, რაზეც მიუთითებს იმ პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რაც ზემოაღნიშნულ ინდუსტრიაში არსებობს, კერძოდ:

„აღრიცხვიანობის საკითხი - თხევადი აირი, ჩვეულებრივ როგორც სხვა ნებისმიერი ნავთობპროდუქტი, აქციზის გადასახადით დასაბეგრი პროდუქტია და მასზე აქციზის გადასახადის გადახდა ხდება შემდეგი პრინციპით:

პროდუქტის განბაჟებისას მეწარმეები იხდიან ყოველ 1000 კგ-ზე 120 ლარს. ხოლო თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდება ავტომობილების გასამართად, მეწარმეები რეალიზაციის შემდეგ უნდა იხდიდნენ დამატებით 180 ლარს.

2019 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებულ იქნა 28.109 ათასი ტონა თხევადი აირი, რომელიც შესაბამისად, სრულად დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზის გადასახადით; ხოლო დამატებით 180 ლარით დაიბეგრა 6.582 ათასი ტონა ანუ საერთო იმპორტირებული ოდენობის მხოლოდ 23%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საავტომობილო საშუალება მოიხმარს თხევად აირს. ჩვენი ინფორმაციით, რეალიზებული პროდუქტის 70%-ზე მეტის გამოყენება ხდება ავტომობილების გასამართად (დანარჩენი საყოფაცხოვრებო თუ სხვა კომერციული დანიშნულებისთვის გამოიყენება), რაც იმაზე მიუთითებს, რომ რიგი მეწარმეები არ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 180-ლარიან გადასახადს.

ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2019 წელს იმპორტირებულ იქნა ასევე დამატებით 12.617 ტონა თხევადი აირი (სესესნ კოდით 29011000000). ეს არის ე.წ. უაქციზო კოდი. ამ კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან ამ კოდით შემოტანილი პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისთვის კი ამ კოდის გამოყენებით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეს პროდუქტიც გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი აირი.

თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს-ესკოდებით, მათ შორის 7 აქციზური და 1 არააქციზური. აღნიშნული პროდუქტები ხარისხობრივი თვისებებით სხვადასხვა პროდუქტებია. შესაბამისად, აუცილებელია მიღებულ იქნას ერთიანი ხარისხის სტანდარტი. საავტომობილო თხევად აირზე (LPG) ევრო კავშირის ქვეყნებში მოქმედებს სტანდარტი EN-589. იდენტური სტანდარტი მოქმედებს ასევე რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, თურქეთში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც აღნიშნული პროდუქტის გამოყენება ხდება.

აქვე გვინდა შევეხოთ ზოგიერთ ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომლებიც განსაზღვრავენ ძირითადად, საავტომობილო თხევადი აირის ხარისხს, რომელიც მოქმედებს როგორც ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებაზე, ასევე ეკოლოგიაზე. EN-589 სტანდარტის მიხედვით. საავტომობილო თხევად საწვავში პროპანის შემცველობა სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს:

ა) საავტომობილო პროპანი - 85 + 10%;

ბ) საავტომობილო პროპან-ბუტანი - 50 + 10%.

2. ალკენი (ბუტენი, პროპილენი) საწვავში საერთოდ არ უნდა იყოს. კერძოდ, ამცირებს ოქტანურ რიცხვს.

3. ოქტანური რიცხვი: მოტორული მეთოდით - 89 ერთეული, ისე მეთოდით - 99 ერთეული;

4. გოგირდის ზედმეტობა, იწვევს ტოქსიკური ნაერთების გამოყოფას. მისი შემცველობა უნდა იყოს არაუმეტეს 50მგ/კგ;

5. გოგირდ-წყალბადის შემცველობა უნდა იყოს 0. 6. ნაჯერი ორთქლი - მოქმედებს უსაფრთხოებაზე. კერძოდ, 40OC-ზე საერთოდ არ უნდა დარჩეს თხევადი ნარჩენი.

თხევადი აირით ავტომობილების გასამართი ობიექტები ითვლებიან მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებად და შესაბამისად, საჭიროა, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ტექნიკურ, ხანძარ საწინააღმდეგო, ეკოლოგიურ თუ შრომის უსაფრთხოების კანონით დადგენილ ნორმებს. მათ აუცილებლად უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საქმიანობის ნებართვა და გავლილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ობიექტების უმრავლესობას ეს არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული საკითხების მოუგვარებლობა იწვევს დარგის ქაოტურ, არასწორ განვითარებას, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, რის გამოც ბევრი დიდი თუ პატარა კომპანია უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა ამ ბიზნესში. აღნიშნულის გარდა, დღევანდელი ვითარების გამო მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველთვიურად აკლდება რა სოლიდური შენატანები. კეთილსინდისიერი მეწარმე, არაკონკურენტული გარემოს გამო, იძულებულია მიიღოს არსებული საქმიანობის მანკიერი წესები, ან გავიდეს ბიზნესიდან. მომხმარებელი კი, ხშირ შემთხვევაში იღებს უხარისხო, ზომა-წონაში დაკლებულ პროდუქტს.

შესაბამისად, ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ გაჯანსაღდეს ვითარება ზოგადად ქართულ ბიზნესში, უნდა დადგეს ერთ მხარეს, რათა მოხდეს შესაბამისი სახის საკანონმდებლო ცვლილება, რაც არსებულ სავალალო ვითარებას გამოასწორებს,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი