საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნის თარიღები დაასახელა: 15 ივნისს ტურისტული ობიექტები შიდა ტურისტებს მიიღებენ, ხოლო 1-ლ ივლისს საქართველოში შემოსვლა უკვე უცხოელი სტუმრებისთვის იქნება შესაძლებელი.
მანამდე კი ხელისუფლება ტურისტული სექტორის დასახმარებლად ბიზნესის სტიმულირების პაკეტს აამოქმედებს, რაც გულისხმობს დარგისთვის საგადასახადო შეღავათებსა და საბანკო სესხის პროცენტის დაფინანსებას. თუმცა ტურისტულ სექტორს მიაჩნია, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში თვითგადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა და რომ მხოლოდ 2022 წელს დავუბრუნდებით იმ მონაცემებს, რომლებიც საქართველოს ტურისტულ სექტორს კორონავირუსამდე ჰქონდა.
"ტურისტული გვალვის" წელიწადი
2019 წელს საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმიდან შემოსავლებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 8,1%-მდე გაიზარდა. საქართველოს ჰქონდა ამბიცია 2025 წლისთვის ქვეყანაში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მოეზიდა, ხოლო შემოსავალი 6,6 მილიარდ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. თუმცა პანდემიამ არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ცოტა ხნის წინ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ ტურიზმის მომავლის სამი სავარაუდო სცენარი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგნოზით, წლის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რიცხვი 60-80%-ით შემცირდება. ყველაზე მეტად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი იზარალებს, რომლის ქვეყნების უმეტესობა სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული. სამივე სცენარი დიდწილად ქვეყნების მიერ კარანტინის გაუქმებაზე იქნება დამოკიდებული. პირველი სცენარით, საერთაშორისო საზღვრების გახსნა და მგზავრობაზე შეზღუდვების მოხსნა ივლისიდან დაიწყება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 58%-ით შემცირდება. მეორე სცენარით, მოგზაურობა სექტემბრიდან განახლდება, ტურისტების რიცხვი კი 70%-ით დაიკლებს, ხოლო ყველაზე უარესი სცენარით, მოგზაურობა დეკემბერზე ადრე არ დაიწყება და შემცირებაც 80%-ს მიაღწევს. შესაბამისად, საერთაშორისო ტურიზმი წლის განმავლობაში 850 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე ტურისტს დაკარგავს. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები 100-120 მილიონ სამუშაო ადგილსა და 1,2 ტრილიონ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავენ.
ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს ტურისტული სექტორი წლეულს, სულ ცოტა, 2 მილიარდამდე დოლარს დაკარგავს _ ესეც იმ შემთხვევაში, თუ სექტორი სწრაფად აღდგენას მოახერხებს, სხვა შემთხვევაში, დანაკარგი უფრო მასშტაბური იქნება.
თვითგადარჩენის წელიწადი
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში ტურისტული სექტორი საქართველოში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდება. მთავრობა ფიქრობს, რომ ამით ბიზნესი, სულ ცოტა, 135 მილიონი ლარის შეღავათს მიიღებს და შესაძლებლობა ექნება ხელფასები დაარიგოს, ან უსაფრთხო ტურისტული სეზონისთვის მოემზადოს. კიდევ 60 მილიონი ლარი ტურისტული სექტორისთვის "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ფარგლებში გაიწერება და ეს თანხა მოხმარდება 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის 90%-ით სუბსიდირებას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 5 მილიონი ლარის დახმარების პაკეტი ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისა და ტუროპერატორებისთვის.
შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი: "ამ ეტაპზე ჩვენი სექტორი თითქმის გაჩერებულია და 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის მაისამდე ამ სექტორში მოგების გენერირება არ იგეგმება. რა თქმა უნდა, მთავრობის სამოქმედო გეგმა ტურიზმის დასახმარებლად კარგია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი ტურისტული სექტორისთვის დასრულდება მინუს 75%-ით 2019 წელთან შედარებით, 2021 წელი _ მინუს 35%-ით იმავე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით და მხოლოდ 2022 წელს დავუბრუნდებით კორონამდელ ნიშნულს. გამომდინარე აქედან, 2022 წლის ივნისამდე ჩვენი სექტორი საბანკო სესხებს, ფაქტობრივად, ვერ მოემსახურება. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა საბანკო ასოციაციასთან. ლაპარაკია 3 მილიარდი ლარის მოცულობის სასესხო პაკეტზე, რომელიც გაცემულია ტურისტულ სექტორში იურიდიულ პირებზე და კიდევ 1,5 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების სესხია. ესენი არიან მცირე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მეპატრონეები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებსაც ბანკში ეს ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული. ეს კატეგორია ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა და, ფაქტობრივად, დახმარების გარეშე რჩება. შესაბამისად, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ 2021 წლის ივნისამდე გადავადდეს საბანკო სესხები როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. ამისთვის კი საჭიროა 140 მილიონი დოლარის მობილიზება, რომ მხოლოდ პროცენტის გადახდა მოხდეს და ბანკებმა სესხების ერთი წლით გადავადება დაუშვან. ჩვენ სადმე უნდა ვიშოვოთ 140 მილიონი დოლარი, იქნება ეს იაფი სესხი თუ დონორებისგან მოზიდული თანხა.
სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ წლეულს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები არ გვექნება. წლევანდელი წლის ყველაზე კარგი თვე იქნება სექტემბერი, როცა სასტუმროები ტურისტულად 40-45%-ით დაიტვირთება. ეს იქნება ყველაზე კარგი ერთი თვე მომდევნო წლის მაისამდე. ევროპიდან წლეულს ტურისტების შემოსვლას ნამდვილად აღარ ველოდებით. ევროპის ყველა ქვეყანა მოუწოდებს თავის მოსახლეობას, სულ ცოტა, მიმდინარე წლის განმავლობაში არ იმოგზაურონ და თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტურისტული მიზნებით გამგზავრებას მაინც გადაწყვეტენ, მაშინ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. ტურისტების თვალსაზრისით, ორიენტირი უნდა ავიღოთ ტრადიციულ ბაზრებზე და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგი იქნება. ესენი არიან პირველ რიგში სომხეთი და აზერბაიჯანი, თუმცა ასევე უნდა ვიმუშაოთ ყაზახეთის მიმართულებით. გარდა ამისა, ისრაელი ჩვენი დიდი და მტკიცე პარტნიორია. მათი ტურისტები არ აცხადებენ უარს საქართველოში წამოსვლაზე. პოზიტიური სიგნალები მოგვდის ასევე სამხრეთ კორეიდან და ტაილანდიდან. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, საიდანაც წელს ტურისტებს ველოდებით. სხვათა შორის, ეს შარშან ოქტომბერ-ნოემბერში გაყიდული ტურისტული პაკეტებია, რომლებიც ახლა უნდა ავითვისოთ".
ტურიზმი და დასვენება დისტანციის დაცვით
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ სოციალური დისტანცია საერთაშორისო ტურიზმის ახალი რეალობა ხდება. სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული მგზავრთა გადაყვანისას, პლაჟებზე, მუზეუმებში, რესტორნებსა და კაფეებში, სპორტულ ღონისძიებებზე, კონცერტებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ უამრავ სფეროში. აუცილებელი იქნება დაცვის ინდივიდუალური საშუალებებისა და დეზინფექციის გამოყენებაც. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ დაწესებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას საქართველოც გეგმავს, როგორც კი ახალი გაიდლაინები დამტკიცდება, მანამდე კი შემუშავდება ლოკალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება ტურისტულ კომპანიებსა და სატრანსპორტო ორგანიზაციებს მოუწევთ. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, რომლებითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ. სხვათა შორის, ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის მათ შორის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.
ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია "ტრაფიკ-ტრეველის" მმართველი: "გასული ზამთარი ისედაც ცუდად დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, უთოვლობა საქართველოში და წყლის პრობლემები სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ცუდ სტარტს კორონაკრიზისი დაერთო. მართალია, 1-ლი ივლისიდან ვიხსნებით საერთაშორისო ვიზიტიორებისთვის, მაგრამ არა მგონია, ვირუსით შეშინებული თუ ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანების დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ უცებ მკვეთრად შეიცვალოს და ამისკენ მათ მხოლოდ საზღვრების გახსნამ უბიძგოს. ხალხი ჩამოვა საზღვრების გახსნის შემდეგ, მაგრამ ამას ექნება ძალიან მცირე მასშტაბები.
ფაქტობრივად, ტურისტული სექტორი საქართველოში თავიდან დაიწყებს ფეხის ადგმას. ერთია, რომ საქართველოს ექნება უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურებს ტრანზიტული ქვეყნების გავლაც უწევთ აქ ჩამოსასვლელად. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი საქართველოში 1-ლ ივლისს უნდა ჩამოსულიყო. მისი მოგზაურობა 6 თვის წინ დავგეგმეთ. ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ნიუ-იორკის აეროპორტი, სადაც მას გადაჯდომა უწევს. მოგეხსენებათ, ეს შტატი ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის გამო და ტრანზიტით გავლაც რისკის შემცველია. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი პოლიტიკიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არსებობდეს, ჩვენი კომპანია საერთოდ არ მუშაობს რუსულ ბაზარზე.
რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში ყოველთვის ჭარბობენ. ასე იყო ბოლო წლებშიც. ახლა ავიამიმოსვლა რუსეთთან შეზღუდულია, რაც აუცილებლად შეაფერხებს რუსი ტურისტების ჩამოსვლას, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში მძიმე ვითარებაა ვირუსის გავრცელების გამო და შესაბამისად იბადება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს ეფექტური ეპიდემიოლოგიური კონტროლი და რისკების დათვლა? ისიც საკითხავია, რამდენი კომპანია შეძლებს კვლავ ამუშავებას 15 ივნისს ან თუნდაც 1-ლი ივლისიდან, რადგან ბევრი, ფაქტობრივად, საბრუნავი კაპიტალის გარეშეა დარჩენილი.
ქონების გადასახადი შესაძლოა დიდი შეღავათი და მნიშვნელოვანი დახმარება იყოს დიდი სასტუმროებისთვის, რომლებსაც დიდი თანხების გადახდა უწევთ ამ გადასახადის სახით, მაგრამ ტურისტული კომპანიების უმეტესობა დიდ ქონებას არ ვფლობთ. ოფისს ვქირაობთ, დანარჩენი შესაძლოა იყოს სატრანსპორტო საშუალებები _ ანუ ქონების გადასახადზე შეღავათი ტურისტული კომპანიებისთვის ვერ იქნება ის დახმარება, რომელიც რესტარტში დაგვეხმარება. ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, რატომ არ გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან სექტორი წლის ბოლომდე.
გადავადება გულისხმობს, რომ თუ წლეულს არ გადავიხდით, გაისად მაინც უნდა გადავიხადოთ. არადა, ჩვენსავით არც ერთი სხვა ეკონომიკის სექტორი არ დაზარალებულა. თუ ჩვენ საშემოსავლო უნდა გადავიხადოთ, მაგალითად, მომავალი წლის პირველ კვარტალში, ეს შესაძლოა უფრო მეტი ტვირთი იყოს ჩვენთვის, ვიდრე შეღავათი, რადგან აქტიური ტურისტული სეზონი ნოემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მთავრდება, შემდეგ იწყება 1-ლი მარტიდან და შესაბამისად, წლის პირველი კვარტალი მიუღებელი პერიოდი იქნება ამ ვალდებულების გასასტუმრებლად.
ტურიზმის სტიმულირების პაკეტში არ არის დაკონკრეტებული, რაში უნდა დაიხარჯოს გიდებისა და ტურისტული კომპანიებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი. კარგი იქნებოდა, ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულიყო ბიზნესი. განსაზღვრული დროის განმავლობაში ესეც ძალიან წაგვადგებოდა".
P.S. ძალიან მალე ტურიზმსა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სანიტარიული გაიდლაინები გახდება ცნობილი და არ არის გამორიცხული, პლაჟებზე დისტანციის დაცვითა და პირბადეებით მოგვიხდეს გარუჯვა. თუმცა უკვე დღეს შეიძლება თქმა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის დამსვენებელი დიდ, ხალხმრავალ სასტუმროებზე მეტად პატარა და იზოლირებულ განთავსების ადგილს მიანიჭებს უპირატესობას და შეეცდება ბუნებასა და ჯანსაღ გარემოს მიაშუროს.
წყარო: „კვირის პალიტრა"