„2020 წელი ტურისტული სექტორისთვის დასრულდება მინუს 75%-ით და ეს წელი იქნება გადარჩენის წელი“

„2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის მაისამდე ამ სექტორში მოგების გენერირება არ იგეგმება“,-ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

"ამ ეტაპზე ჩვენი სექტორი თითქმის გაჩერებულია და 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის მაისამდე ამ სექტორში მოგების გენერირება არ იგეგმება. რა თქმა უნდა, მთავრობის სამოქმედო გეგმა ტურიზმის დასახმარებლად კარგია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი ტურისტული სექტორისთვის დასრულდება მინუს 75%-ით 2019 წელთან შედარებით, 2021 წელი - მინუს 35%-ით იმავე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით და მხოლოდ 2022 წელს დავუბრუნდებით კორონამდელ ნიშნულს.

გამომდინარე აქედან, 2022 წლის ივნისამდე ჩვენი სექტორი საბანკო სესხებს, ფაქტობრივად, ვერ მოემსახურება. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა საბანკო ასოციაციასთან. ლაპარაკია 3 მილიარდი ლარის მოცულობის სასესხო პაკეტზე, რომელიც გაცემულია ტურისტულ სექტორში იურიდიულ პირებზე და კიდევ 1,5 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების სესხია. ესენი არიან მცირე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მეპატრონეები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებსაც ბანკში ეს ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული. ეს კატეგორია ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა და ფაქტობრივად, დახმარების გარეშე რჩება.

შესაბამისად, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ 2021 წლის ივნისამდე გადავადდეს საბანკო სესხები როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. ამისთვის კი საჭიროა 140 მილიონი დოლარის მობილიზება, რომ მხოლოდ პროცენტის გადახდა მოხდეს და ბანკებმა სესხების ერთი წლით გადავადება დაუშვან. ჩვენ სადმე უნდა ვიშოვოთ 140 მილიონი დოლარი, იქნება ეს იაფი სესხი თუ დონორებისგან მოზიდული თანხა.

სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ წლეულს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები არ გვექნება. წლევანდელი წლის ყველაზე კარგი თვე იქნება სექტემბერი, როცა სასტუმროები ტურისტულად 40-45%-ით დაიტვირთება. ეს იქნება ყველაზე კარგი ერთი თვე მომდევნო წლის მაისამდე. ევროპიდან წლეულს ტურისტების შემოსვლას ნამდვილად აღარ ველოდებით. ევროპის ყველა ქვეყანა მოუწოდებს თავის მოსახლეობას, სულ ცოტა, მიმდინარე წლის განმავლობაში არ იმოგზაურონ და თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტურისტული მიზნებით გამგზავრებას მაინც გადაწყვეტენ, მაშინ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში.

ტურისტების თვალსაზრისით, ორიენტირი უნდა ავიღოთ ტრადიციულ ბაზრებზე და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათთან ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგი იქნება. ესენი არიან პირველ რიგში სომხეთი და აზერბაიჯანი, თუმცა ასევე უნდა ვიმუშაოთ ყაზახეთის მიმართულებით. გარდა ამისა, ისრაელი ჩვენი დიდი და მტკიცე პარტნიორია. მათი ტურისტები არ აცხადებენ უარს საქართველოში წამოსვლაზე. პოზიტიური სიგნალები მოგვდის ასევე სამხრეთ კორეიდან და ტაილანდიდან. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, საიდანაც წელს ტურისტებს ველოდებით. სხვათა შორის, ეს შარშან ოქტომბერ-ნოემბერში გაყიდული ტურისტული პაკეტებია, რომლებიც ახლა უნდა ავითვისოთ,“-განაცხადა ალავერდაშვილმა.