„არა მგონია, ვირუსით შეშინებული თუ ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანების დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ უცებ მკვეთრად შეიცვალოს,”-ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ტურისტული კომპანია "ტრაფიკ-ტრეველის" მმართველმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ჩამოვა საზღვრების გახსნის შემდეგ, მაგრამ ამას ექნება ძალიან მცირე მასშტაბები და ფაქტობრივად, ტურისტული სექტორი საქართველოში თავიდან დაიწყებს ფეხის ადგმას.
"გასული ზამთარი ისედაც ცუდად დაიწყო. გახსოვთ, ალბათ, უთოვლობა საქართველოში და წყლის პრობლემები სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ცუდ სტარტს კორონაკრიზისი დაერთო. მართალია, 1-ლი ივლისიდან ვიხსნებით საერთაშორისო ვიზიტიორებისთვის, მაგრამ არა მგონია, ვირუსით შეშინებული თუ ეკონომიკურად დაზარალებული ადამიანების დამოკიდებულება მოგზაურობის მიმართ უცებ მკვეთრად შეიცვალოს და ამისკენ მათ მხოლოდ საზღვრების გახსნამ უბიძგოს.
ხალხი ჩამოვა საზღვრების გახსნის შემდეგ, მაგრამ ამას ექნება ძალიან მცირე მასშტაბები. ფაქტობრივად, ტურისტული სექტორი საქართველოში თავიდან დაიწყებს ფეხის ადგმას. ერთია, რომ საქართველოს ექნება უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მოგზაურებს ტრანზიტული ქვეყნების გავლაც უწევთ აქ ჩამოსასვლელად. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი საქართველოში 1-ლ ივლისს უნდა ჩამოსულიყო. მისი მოგზაურობა 6 თვის წინ დავგეგმეთ. ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ნიუ-იორკის აეროპორტი, სადაც მას გადაჯდომა უწევს. მოგეხსენებათ, ეს შტატი ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის გამო და ტრანზიტით გავლაც რისკის შემცველია.
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი პოლიტიკიდან და იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არსებობდეს, ჩვენი კომპანია საერთოდ არ მუშაობს რუსულ ბაზარზე. რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში ყოველთვის ჭარბობენ. ასე იყო ბოლო წლებშიც. ახლა ავიამიმოსვლა რუსეთთან შეზღუდულია, რაც აუცილებლად შეაფერხებს რუსი ტურისტების ჩამოსვლას, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში მძიმე ვითარებაა ვირუსის გავრცელების გამო და შესაბამისად იბადება კითხვა: როგორ უნდა მოხდეს ეფექტური ეპიდემიოლოგიური კონტროლი და რისკების დათვლა? ისიც საკითხავია, რამდენი კომპანია შეძლებს კვლავ ამუშავებას 15 ივნისს ან თუნდაც 1-ლი ივლისიდან, რადგან ბევრი, ფაქტობრივად, საბრუნავი კაპიტალის გარეშეა დარჩენილი.
ქონების გადასახადი შესაძლოა დიდი შეღავათი და მნიშვნელოვანი დახმარება იყოს დიდი სასტუმროებისთვის, რომლებსაც დიდი თანხების გადახდა უწევთ ამ გადასახადის სახით, მაგრამ ტურისტული კომპანიების უმეტესობა დიდ ქონებას არ ვფლობთ. ოფისს ვქირაობთ, დანარჩენი შესაძლოა იყოს სატრანსპორტო საშუალებები _ ანუ ქონების გადასახადზე შეღავათი ტურისტული კომპანიებისთვის ვერ იქნება ის დახმარება, რომელიც რესტარტში დაგვეხმარება. ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, რატომ არ გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან სექტორი წლის ბოლომდე.
გადავადება გულისხმობს, რომ თუ წლეულს არ გადავიხდით, გაისად მაინც უნდა გადავიხადოთ. არადა, ჩვენსავით არც ერთი სხვა ეკონომიკის სექტორი არ დაზარალებულა. თუ ჩვენ საშემოსავლო უნდა გადავიხადოთ, მაგალითად, მომავალი წლის პირველ კვარტალში, ეს შესაძლოა უფრო მეტი ტვირთი იყოს ჩვენთვის, ვიდრე შეღავათი, რადგან აქტიური ტურისტული სეზონი ნოემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მთავრდება, შემდეგ იწყება 1-ლი მარტიდან და შესაბამისად, წლის პირველი კვარტალი მიუღებელი პერიოდი იქნება ამ ვალდებულების გასასტუმრებლად.
ტურიზმის სტიმულირების პაკეტში არ არის დაკონკრეტებული, რაში უნდა დაიხარჯოს გიდებისა და ტურისტული კომპანიებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი. კარგი იქნებოდა, ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულიყო ბიზნესი. განსაზღვრული დროის განმავლობაში ესეც ძალიან წაგვადგებოდა,“-აღნიშნა ჯაფარიძემ.