მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სალომბარდე სესხების მოცულობა 29,2%-ით გაიზარდა და ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ამ ფაქტს მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარე ფიზიკური პირებისთვის სესხების შემოსავლების გარეშე გაცემის რეგულაციას უკავშირებს.
„იმის გამო, რომ ფიზიკური პირების დიდი ნაწილი, ვერ აკმაყოფილებს რეგუალციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სალომბარდე სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა“,- აცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
2020 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ 459,140 მილიონი ლარის სალომბარდე სესხი გაიცა, რაც დაახლოებით 29,2%-ით (103,870 მლნ ლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 64,5%-ით მეტი 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 2018 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 279,099 მლნ ლარით განისაზღვრა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია სალომბარდე სესხების ზრდის მიზეზად, ეროვნული ბანკის რეგულაციებს ასახელებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარუდოდ, იმის გამო, რომ ფიზიკურ პირებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხზე წვდომა შეეზღუდათ, მათი მხრიდან ქონების დალომბარდების შემთხვევები გაიზარდა.
„კონკრეტულად რომელ უძრავ ქონებაზე უფრო მეტი სალობარდე სესხი გაიცემა, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, შემიძლია ის სავარაუდო მიზეზი დავასახელო, რის გამოც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სალომბარდე სესხების მოცულობა გაიზარდა. კერძოდ, ის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სესხის აღება გართულებულია. როგორც იცით, ამ აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, დამკვიდრებულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი, რაც გულისხმობს შენატანის შეფარდებას, მსესხებლის შემოსავლებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ლომბარდულ სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა“ ,-ამბობს ბესო შენგელია.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობაზე გავლენა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა იქონია, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. განსაკუთრებით კი ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ, რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა აიკრძალა.