"ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა"

„ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, ისტორიული კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხდებით, საჭიროა საერთაშორისო ბაზარზე ჩანდეს, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს და ამ თვალსაზრისით არის უსაფრთხო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ დღეს უნდა შევთანხმდეთ მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ტურიზმის და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის მშენებლობის მაგრამ, პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა, უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე არამხოლოდ როგორც მხოლოდ ზღვის, ღვინის, მთის, ისტორიული კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველა იმ მარკეტინგული პროგრამას, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება, პირველ რიგში ვირუსისგან. ბაზარზე საქართველოს ლოკაცია კი არ უნდა დავაზიანოთ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც გვქონდა გაკეთებული, რაშიც ამდენი დრო, ფინანსური რესურსი, ძალა და ყველაფერი გვქონდა ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ ერთი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას რომ მივაღწიოთ მხოლოდ დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები. არ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.