ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ დაახლოებით აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ეს კრიზისი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ აქ შეიძლება ზრდის, გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერტილები, ასევე შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ, რომელზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. ასევე, ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ სულ მალე, დაახლოებით აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად. რაც პირველ რიგში თქვენი ინტერესია. იმიტომ რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმრები და შესაბამისად, მეტი შემოსავლები. ერთმნიშვნელოვნად, ეს უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, თითოეულმა მოქალაქემ, სადაც არ უნდა მუშაობდეს, რომ ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა და მეორე ტურიზმის გამკლავება ამ კრიზისთან უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი პლუსი საქართველოს პოზიციონირებაში საერთაშორისო ბაზარზე, რომ ეს ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა," - განაცხადა გახარიამ.