ქუთაისში კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

ქუთაისში კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა.

ამის შესახებ ქუთაისის მერიიდან იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ქალაქის 19 საერთო ეზოში მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების დაგება.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

„ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უკვე შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. შესაბამისად, განვაახლეთ ის სამუშაოები, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა დაწყებული. მუშაობის პროცესში დაცულია ყველა რეკომენდაცია,“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

კორპუსებამდე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად სულ 400 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.