თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ავრცელებს.

„Skytrax World Airport Awards 2020“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეშვიდედ დასახელდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავას, თბილისის, სკოპიესა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები – 2020 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ“, - აღნიშნულია TAV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.