ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის რაიონში ერთი საკალათბურთო და ოთხი კომბინირებული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მათივე ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10 და მე-15 კორპუსების მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ კი, ფეხბურთის მოედნები განახლდება.
სამუშაოების შედეგად, დაიგება სპეციალური საფარი, ასევე ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ღირებულება 423 000 ლარს შეადგენს.