საცალო ბაზრის ფუნქციონირების აღსადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და ის რეკომენდაციები განუმარტეს, რომელთა დაცვაც ბაზრის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში საქმიანობის განახლება შეძლონ. ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.

დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.

სურსათის ეროვნული სააგენტო, უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.