თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირს დაახლოებით, ერთ თვეში გახსნის. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, გამზირზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გამზირზე ავტობუსების მოძრაობის სქემას, მერის მოადგილემ განმარტა, რატომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება ჭავჭავაძეზე „ბას ლაინი“ შუაში მოეწყო.
„ჭავჭავაძის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. გადაიკეტა და ასფატის ზედა ფენის გადაგებას იწყებენ. მერე დაიხაზება, განათების ბოძები, გამწვანებები მოეწყობა და ძალიან მალე გვექნება ჭავჭავაძის გამზირი გამართული. დაახლოებით, ერთ თვეში.
ახალი სატრანსპორტო ქსელის მიხედვით, ამჟამად ჩვენ დაპროექტებული გვაქვს რამდენიმე ქუჩა. მათ შორის: კანდელაკი, კოსტავა-შარტავა, ჭავჭავაძე, ხიზანიშვილი-ვეკუა, მიმდინარეობს ქეთევან წამებულის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას, წერეთლის გამზირების დაპროექტება. უკვე დაპროექტებული და დასაპროექტებელი ქუჩებიდან ჯერჯერობით გამოვლენილი გვაქვს საჭიროება შუაში ავტობუსის გაჩერებების და შუაშივე ავტობუსების საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხოლოდ ჭავჭავძეზე და მელიქიშვილზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ზედა და ქვედა ანუ მკვეთი ქუჩების რაოდენობა არის ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძეზე მარცხნივ ახვევები აკრძალული გვექნება, ჩამოსვლები მაინც რჩება. ასევე ქვედა მხარესაც, უნივერსიტეტისკენ ჩასახვევები არის ძალიან ბევრი. გათვლების მიხედვით, თუ ახლა გვაქვს საყიდელი 178 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, შუაში რომ ზოლი არ გაგვეკეთებინა, დაგვჭირდებოდა დაახლოებით, 30-40 ავტობუსით მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 მილიონი ლარის ინვესტიციით მეტის ჩადება მოგვიწევდა, როგორც შესასყიდად, ასევე ავტობუსების შესანახად, საწვავის ხარჯის გათვალისწინებით. შუაში ზოლის განთავსებით, ავტობუსს შეფერხება არ ექნება მსუბუქი ავტომობილებისგან მკვეთ ქუჩებზე გადასვლისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტობუსი 7 წუთში ერთხელ უნდა მივიდეს გაჩერებაზე და მას შეფერხება არ ექნება. თუ ზოლი გვერდებზე იქნებოდა, მეტი ავტობუსი დაგვჭირდებოდა, რათა ეს 7-წუთიანი ინტერვალი ყოფილიყო დაცული. როგორც იცით, „ბას ლაინებში“ უნდა იარონ 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. 12-მეტრიანი ავტობუსები ნაყიდი გვაქვს და კიდევ ჩამოგვდის 100 ცალი, ამის შემდეგ დაგვემატება 18-მეტრიანი ავტობუსები. 10 ძირითად დერეფანში მხოლოდ 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ“, - განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის მკვეთ ქუჩებზე მცირე ზომის, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები „სითი ლაინებებზე“ იმოძრავებს.
„მანამ, ვიდრე არ გვექნება მთლიანი მარაგი ავტობუსების, 12 და 18-მეტრიანების 178 ცალი (100 12 მეტრიანი და 78 18 მეტრიანი), ამ გამზირებზე ჩვეულებრივ ივლიან მცირე ზომის ავტობუსები, როგორც დღეს დადიან ისე, მარაგის შევსების შემდეგ კი, ისინი გადავლენ „სითი ლაინებზე“, - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში მელიქიშვილის გამზირზეც იქნება, თუმცა მერის მოადგილის განმარტებით, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდება, რაც გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„მელიქიშვილის გამზირზეც იქნება ავტობუსის ზოლი შუაში, მაგრამ არა ახლა. როდესაც გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მხოლოდ მას შემდეგ. ზოლი შუაში მელიქიშვილზე მხოლოდ ფილარმონიამდე იქნება, თუმცა, მას შემდეგ, რაც აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. მანამდე ავტობუსის ზოლი იქნება ქუჩის ორივე მხარეს. ავტობუსები კი, ჭავჭავაძე-მელიქიშვილის მონაკვეთზე ვარაზისხევში გადაეწყობიან. მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა დაასრულებს სამუშაოებს და მოეწყობა, ავტობუსების ზოლი იქაც შუაში იქნება. ფილარმონიის შემდეგ რუსთაველზე გრძელდება „ბას ლაინები“ ქუჩის ორივე მხარეს და არა შუაში“, - განაცხადა ბითაძემ.