საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს მინისტრ ნათია თურნავას ხელმძღვანელობით აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი, კონკრეტულად კი, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება.
აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციების რეკომენდაციებითა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების გაიდლაინებზე მუშაობს.
„ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18 - თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.