გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი

ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც მისი შემოღება მოხდა, აღარ იგეგმება. თუმცა, გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.

„საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ისე ერთბაშად და იგივე პრინციპით, როგორც გადავადდა ყველასთვის, აღარ იგეგმება. თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მსესხებლებისთვის. ამ ეტაპზე, ბანკების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შეთანხმებამდე მივალთ“,-ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით დაზუსტებულად 600 000-მა ადამიანმა ისარგებლა. თუმცა, პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოო მაჩვენებელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება იმ ადამინების რაოდენობას, ვინც საშეღავათო პერიოდით ისარგებლა, საბოლოო მონაცემები არ მაქვს. 600 000 იყო ის ციფრი, რაც ნამდვილად გადავადდა, თუმცა მეტის დაზუსტება ჯერ არ მომხდარა და მოგვიანებით გვექნება ეს მონაცემიც“,-ამბობს ალექსადნდე ძნელაძე.

ცნობისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ჯერ კიდევ მარტში შესთავაზეს. გადავადების პროცესში 15-ვე კომერციული ბანკია ჩართული, თუმცა პროცესისადმი ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს.

ნინი ქეთელაური
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
როგორია სატაცურის ფასი მსოფლიო ბაზარზე -  კორონავირუსი პროდუქტის რეალიზაციაზეც აისახა
„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე