ქუჩები თბილისში, სადაც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები მანქანების საპირისპირო მიმართულებით ივლის

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტობუსები მოძრაობის საპირისპიროდ ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, ხაზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორივე ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.

„გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია.

ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით 15, ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად. როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩვენ გვექნება 6 კმ-მდე მოწესრიგებული მონაკვეთი, სადაც „ბას ლაინებისთვის“ და ველობილიკებისთვის იქნება შესაბამისი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ამ ქუჩებზე ტროტუარები გაგანიერდა; გარკვეულ ტერიტორიებზე მოგვიწია უკანონო მშენებლობების დემონტაჟი და ტროტუარებმა მიიღო ის ფორმა, სადაც ადამიანები ძალიან მშვიდად და კომფორტულად გადაადგილდებიან,“-განაცხადა ბითაძემ.

თაია არდოტელი