პრემიერის განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდიზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში.

„ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“,- განაცხადა გახარიამ.