„დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის"

24 საათის განმავლობაში ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული დღეს პირველად გვყავს.

ეს სერიოზული მიღწევაა, თუმცა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ შედეგის შესანარჩუნებლად უფრო მკაცრად უნდა მოხდეს იმ წესების დაცვა, რომელსაც შესაბამისი უწყებები გასცემენ.

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური აღორძინების ეფექტურობა წესების დაცვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

„ამ წესების დაცვა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ, სხვებთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ამოქმედებას შევძლებთ. დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით, უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია თავისი წარმატებული მენეჯმენტი, კოვიდ-19-ის ინფექციის წარმატებული გამკლავება დავაკონვერტიროთ ეკონონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ, რეგიონში საქართველოს შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და შეიძლება ითქვას, ჩვენი დევიზიც წლის ბოლომდე და შეიძლება უახლოესი წლის განმავლობაშიც. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ეკონომიკური აღორძინების ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ დაწესებულ წესებს. ეს არ არის რთული შესასრულებელი. უნდა გვქონდეს ყოველთვის პირბადე, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები. სამწუხაროდ, პანდემია და ვირუსი ესაა ის, რომელთან ერთადაც მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ცხოვრება,"- განაცხადა გახარიამ.