ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, მათთვის ლიმიტი 15 000 ლიტრი საწვავი იქნება.

„საშუალოდ ფერმებს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდება დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი, ეს არის ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვადასხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი მისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს, ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც, ასობით ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მათი მაქსიმალური ლიმიტი იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია”, - განმარტა დავითაშვილმა.