გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს 2020 წლის განმავლობაში დაგროვილ სამელიორაციო გადასახადისგან გაათავისუფლებს.
როგორც მან უწყების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამისთვის 13 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებს 2012-2019 წლის ჩათვლით დაგროვილ დავალიანებაზეც ექნებათ შეღავათი.
"აქ ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შეღავათი: 1. მიმდინარე, 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დავალიანება სამელიორაციო მომსახურებაზე, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს და 2. არის დაგროვილი გადასახადები, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ფერმერებს. ეს არის 2012-2019 წლის ჩათვლით. თუმცა, ძირითადი დავალიანებები დაგროვდა 2012 წლამდე. აქ წარმოგვიდგენია, რომ პირობითი იყო ის საირიგაციო მომსახურება, რასაც ამ პერიოდში სახელმწიფო სთავაზობდა ფერმერებს, ძირითადად საირიგაციო სისტემა იყო მოშლილი და დაახლობით 40 ათასი ჰექტარი იყო ის ფართობი, რომელიც თეორიულად ირწყვებოდა. დღეს საქართველოში გასარწყავიანებულია 110 ათასი ჰექტარი მიწა და გეგმაა, რომ 200 ათას ჰექტარს გადავცდეთ. ლოგიკურია, რომ ეს დავალიანებები ფერმერებს წარმოეშვათ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ სუფთა ფურცლიდან შეძლონ საქმიანობის განხორციელება. მეტი მოტივია მათთვის. ეს არის როგორც ფიზიკური, ისე ირუდიული პირებისთვის. დაახლოებით 13 მილიონი ლარია ამ შეღავათის სრული ბიუჯეტი," - განაცხადა დავითაშვილმა.