სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ფერმერებს პირდაპირ დახმარებასა და სუბსიდირებას სთავაზობს იმისთვის, რომ მათი წარმოება იყოს უფრო გამარტივებული და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გაიაფდეს, ამასთანავე, გაცილებით ხელმისაწვდომი გახდეს ფერმერებისთვის სხვადასხვა მასალები, რომლებიც სოფლის მეურნეობის წარმოებაში გამოიყენება.
„ეს არის ფინანსური შეღავათი, რომლესაც ფაქტობრივად ყველა განვითარებული ქვეყანა მიმართავს სხვადასხვა ფორმით. ჩვენ ეს ინსტრუმენტი წლიდან წლამდე დავხვეწეთ. ფაქტობრივად, ელექტრონული პროგრამა უკვე მომზადებულია, ფერმერებს ასეთი აგრობარათები დაურიგდებათ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მეშვეობით, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი და ისინი შეძლებენ ამ სერვისების სწრაფად მიღებას. როგორც პრემიერმა განაცხადა, 20 მაისიდან ეს უკვე ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ფერმერები რეგისტრირებულები იყვნენ სამინისტროში ფერმერთა სპეციალურ რეესტრში, მინისტრის განმარტებით, ეს აუცილებელია ამ პროგრამის არა მხოლოდ 2020 არამედ მომავალ წლებში განხორციელებისთვის. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 37 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ფერმერი უნდა იყოს ჩვენი სამინისტროს პარტნიორი იმისთვის, რომ მომავალ წლებში გავაგრძელოთ მათი დახმარება, ვიცოდეთ რა უჭირს, სად უჭირს და სად შეიძლება მივეხმაროთ ფერმერს. უშუალოდ დახმარება მოიცავს ყველა იმ საჭირო მასალას, რომელიც წარმოებისთვის სჭირდება ფერმერებს- ეს არის სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სხვადასხვა ტიპის აგროქიმიკატები და ბიოლოგიური საშუალებები, სათესი და სარგავი მასალა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება. საბოლოოდ, ბიუჯეტი, დაახლოებით, შეადგენს 37 მილიონ ლარს. წლის განმავლობაში ფერმერებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რეგისტრირებული ნაკვეთი, მაგრამ ლეგალურად ფლობენ და აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ ნაკვეთის რეგისტრაცია, ისინი შეძლებენ ადვილად თავიანთი მიწის რეგისტრაციას და წლის განმავლობაში მიიღებენ ამ შეღავათს, ეს შეიძლება წლის ბოლოს და მომავალ წლებშიც იყოს გამოყენებული. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ასეთი ტიპის დახმარებას რეგულარულად შევინარჩუნებთ და შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.