დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ტენდენციაა და ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დაინტერესებულ პირებს აგროკრედიტის პროგრამით დაეხმარებიან.
„ყველაზე უნივერსალური პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ უკვე 2013 წლიდან, ეს არის აგროკრედიტის პროგრამა, ეს არის საკრედიტო იაფი რესურსები ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან იყო, რომ ასეთი რესურსი არსებობდა სოფლის მეურნეობაში. ეს არის პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე იცვლის სახეს, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ დავინახეთ, რომ რეალობა ბანკებში შეცვლილია, აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში, ზოგადად სხვა ინდუსტრიებისთვის საპროცენტო განაკვეთი ჩვენ გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი იყოს თანადაფინანსება, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და სასურსათო ბიზნესებს. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს არის ახალი შესაძლებლობები, ჩვენ ვთქვით, რომ კრიზისთან ერთად შესაძლებლობები ჩნდება ფერმერებისთვის. ბევრი საუბარი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, იცით, რომ დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ტენდენციაა და ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება. მათ სჭირდებათ შესაძლებლობები იმისთვის, რომ ლეგალურად რეგისტრირებულ მიწებზე შეძლონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება“, - განაცხადა დავითაშვილმა.