ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, პროგრამა საყოველთაოა და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მისი ინფორმაციით, აგროწარმოების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ტექნიკის შეძენის, სასათბურე მეურნეობის მოწყობის და საირიგაციო სარწყავი სისტემების თანადაფინანსება.

„ეს პროექტი არ არის რეგიონების ჭრილში შეზღუდული, არ არის კულტურების ჭრილში შეზღუდული, ეს უფრო მეტად საყოველთაოა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია. ამისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. ეს არის ყველაფერი ის, რაც ფერმერს სჭირდება საწარმოო საშუალებების კუთხით იმისთვის, რომ მან სწორად და თანამედროვედ განახორციელოს სოფლის მეურნეობის საქმიანობები, იყოს მეტად კონკურენტუნარიანი იმიტომ, რომ კონკურენტუნარიანობისთვის მას სჭირდება სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე, რომ კერძო სექტორში არსებობდეს სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ჩვენ ახლა მცირე მეურნეობებისთვის გავაჩინეთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, ეს არის 50% და მაქსიმუმ 50 000 ლარი. ასევე ვიცით, რომ სასათბურე მეურნეობებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის გვაქვს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი დახმარებაა ასევე საირიგაციო თანამედროვე სარწყავი სისტემების თანადაფიანანსება. ეს შეიძლება იყოს როგორც დამასხურებელი, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ეს არის ის ძირითადი საშუალება, რომელიც ერთწლიანი კულტურების თანამედროვე პირობებში წარმოების უფლებას მოგვცემს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერებს ასევე საშუალება მიეცემათ, სარწყავი სისტემების მონტაჟი განახორციელონ. მისივე თქმით, ამ პროგრამის ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში მრავალწლიანი კულტურების განვითარებას უწყობს ხელს, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ არის მეურნეობები, რომლებსაც სჭირდებათ გათანამედროვეობა და ამისთვის სჭირდებათ თანამედროვე სარწყავი სისტემების მონტაჟი. იქ, სადაც დღეს ეს შესაძლებლობა არ არის და არ არის სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ასეთ სარწყავი სისტემები მოაწყონ, რაც ჩვენი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. აქ ჩვენ შესწავლილი გვაქვს ბაზარი და ჰექტარზე ფასი მოცემულია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, ეს არის არაუმეტეს 2 500 ლარი, მაგრამ მთლიანად პროექტის ბიუჯეტი ეს არის 13 მილიონი ლარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარებისთვის,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.