გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3-წლიანი გახდება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 3-წლიანი დაზღვევა საშუალებას მისცემს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის მიმართოს.
„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან წლამდე საქართველოში ეს კომპონენტი იხვეწებოდა. ფერმერებს დღეს აქვთ წარმატებული გამოცდილება სადაზღვეო სერვისით სარგებლობის. დღეს აგროდაზღვევა იქნება 3 - წლიანი, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის და ეს არის დიდი მოქნილობა ჩვენი ფერმერებისთვის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებს დაზღვევის პროგრამით ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მცირე მეურნეობებისთვის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება დაახლოებით 70 პროცენტიანი იქნება.
„სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ რისკიანი ფაზა გვაქვს და მოვუწოდებ ფერმერებს, ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას, მინიმუმამდე შევამციროთ სადაზღვეო რისკები. მცირე მეურნეობებისთვის დაახლოებით 70%-იანი თანადაფინანსებაა სადაზღვევო პრემიის და ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად ითვლება საერთაშორისო დონეზეც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.