გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების, საკონსულტაციო მომსახურების და სერთიფიცირების დაფინანსება.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, კოოპერატივებისთვის განსხვავებული საშეღავათო პირობები იქნება.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კონკურეტნტუნარიანობაზე, ჩვენი ფერმერების წარმატებაზე ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსები, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნის კომპონენტი, რომელსაც ვცდილობთ, რომ მივიტანოთ ფერმერებამდე, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების საშუალებით. მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო სტანდარტების მეურნეობების დანერგვა იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ ჩვენი საწარმოები, ჩვენი მეურნეობები, ფერმერები საერთაშორისო ბაზრებზე. აქ არის 2 ნაწილი, ეს არის ტექნიკური დახმარების ნაწილში საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსება და სერთიფიცირების დაფინანსება. ორივე მიმართულება საგრანტო დახმარებით იფარება არაუმეტეს 50%-ისა და არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში ჩვენი მხრიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, კოოპერატივებისთვის ჩვენ გვაქვს განსხვავებული საშეღავათო პირობები და ეს დახმარება 90%-მდე შეიძლება იყოს. ასევე ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებაში, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერატივების მდგრადობასთან. კოოპერაცივების მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მდგრადობის სტანდარტების არსებობა, მართვის ელემენტარული უნარ-ჩვევების ქონა და კოოპერატივების დახმარებისთვის, ჩვენ გვაქვს სპეციალური საგრანტო დახმარება ბუღალტრული თუ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიების მომსახურების დაფინანსების კუთხით. ასევე ერთი ელემენტი, რომელიც არ არის მსხვილი თანხა, მაგრამ მნიშვნელოვანია მცირე მწარმოებლებისთვის, რომ მათ მოახდინონ თავიანთი წარმოებული პროდუქციის სწორად შეფუთვა, ბრენდირება და ბაზარზე სწორი ფორმით მიტანა, აქ ბიუჯეტი არის 1.5 მილიონი ლარი და თითოეული კოოპერატივისთვის თანადაფინანსება არაუმეტეს 25 000 ლარისა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა დავითაშვილმა.