სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.
მისი თქმით, ფერმერები, რომლებიც „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ფლობენ, დახმარების მისაღებად ამ ბარათს გამოიყენებენ, ხოლო ის, ვინც რეგისტრირებულ მიწას ფლობს, თუმცა აღნიშნული ბანკის ბარათით არ სარგებლობს, ბანკი შესაბამის ბარათს ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის.
„ჩვენ გვქონდა ამის პილოტი, როდესაც დონორებისგან მივიღეთ გარკვეული თანხები, როდესაც სეტყვით დაზარალებული ფერმერები გვყავდა. იყო კრიტიკული სიტუაცია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში. ჩვენ მაშინ განვახორციელეთ ეს საბანკო ბარათების მეშვეობით. ამ შემთხვევაში გვეყოლება მომსახურე ბანკი, რომელიც ყველაზე უფრო არის რეგიონებში წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიბერთი ბანკი“. „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ვინც ფლობს, ის გამოიყენებს ამ ბარათს შეღავათის მისაღებად, ხოლო ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ რეგისტრირებულ მიწას და ფერმერთა რეესტრშიც დარეგისტრირდებიან, მაგრამ არ აქვთ ასეთი ბარათი, ერთი თვის განმავლობაში ბანკი მიაწვდის ასეთ ბარათებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.