გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები იმისთვის, რომ მთავრობის დახმარება მიიღონ.
„ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში, ეს არის ჰექტარზე 200 ლარის შეღავათი და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ. ასევე, ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ისინი მიიღებენ შეღავათს დიზელზე, ანუ შეთავათიანი პირობებითა და ფასით მიიღებენ დიზელს, რომელზეც დეტალური პრეზენტაცია ამ კვირის განმავლობაში გვექნება, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც მინიმუმ 50 თეთრზე მეტით განსხვავდება არაბრენდირებული საწვავის მიმწოდებელი დისტრიბუტორებისგან, მაგრამ საბითუმო ფასებთან შედარებით, საბითუმო შეძენის შემთხვევაში თითქმის ლარით არის სხვაობა საწვავის გასამართ პუნქტებთან მიმართებაში. აქ არის 150 ლიტრის კვოტა, აქ უკვე ფერმერები მიიღებენ მაქსიმუმ 15 000 ლიტრს 100 ჰექტრის ოდენობით, თუმცა ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ 200, 300, 400 ჰექტარ ან უფრო მეტ ნაკვეთსაც, ისინი მაინც სარგებლობენ 100 ჰექტრის შეთავათით“, - განმარტა მინისტრმა.