„ერთწლიანი კულტურების წარმოების დარგში 5-დან 100 ათას ლარამდე სესხებია გათვალისწინებული, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება - ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული"

ერთწლიანი კულტურების წარმოების დარგში 5-დან 100 ათას ლარამდე სესხებია გათვალისწინებული, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება. ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული, მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი მნიშვნელოვანია, რათა ფერმერების კრედიტუნარიანობა გაიზარდოს და მათ სტიმული ჰქონდეთ.

„აქ არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების საკრედიტო საშუალებას აძლევს ფერმერებს. ძირითადი საჭიროება და მოთხოვნა, რაც დავინახეთ, ეს იყო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. გარდა პირდაპირი დახმარებისა, მათ სჭირდებათ რეალურად საბრუნავი საშუალება. თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება მყისიერად მოკლევადიან პერიოდში, ეს შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების ჭრილში. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეული, ან მარცვლოვანი კულტურები. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5-დან 100 ათას ლარამდე სესხები, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება. ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული, მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი, რათა ასეთ მეურნეობებს სტიმული ჰქონდეთ. უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50%-ს ფარავს. ანუ, ამ შემთხვევაში ფერმერებს კრედიტუნარიანობას ვუზრდით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აგროკრედიტის ფარგლებში კიდევ ერთი კომპონენტი გაჩნდა, რაც სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობას გულისხმობს.

„ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი - ეს არის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სულ არსებობდა აგროკრედიტის ფარგლებში. ეს გულისხმობს ძირითადი საშუალებების შეძენაზე იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას. აქ ჩვენ ერთი მსხვილი კომპონენტი - სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - გავაჩინეთ. აქ მიმართულებები დაემატა, ჩვენი არსებული საწარმოების მოდერნიზება, მაგალითად, როგორიც არის ხორცპროდუქტების წარმოება. ეს არის შედარებით მსხვილი სასურსათო საწარმოება, რომლებიც მიიღებენ საკრედიტო დახმარებას. ეს პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, 75 მლნ ლარამდე იყო განსაზღვრული და მას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ემატება რესურსები და საბოლოოდ, 80 მლნ ლარზე მეტი თანადაფინანსებაა სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა დავითაშვილმა.