ოთარ დანელია მოსახლეობას მიმართავს, მიწის ნაკვეთები დაარეგისტრირონ, რათა შეღავათებით ისარგებლონ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ ის ფერმერები, რომელთა მიწის ნაკვეთის ფართობი 0,25-დან 10 ჰექტრამდეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 200-ლარიან სუბსიდირებას 1 ჰექტარზე და პროპორციულად იზრდება 10 ჰექტრამდე. ოთარ დანელიას შეფასებით, ეს არის სერიოზული პოსტკრიზისული მიდგომა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით.

„ის პროგრამა, რომლიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინა, არის ამომწურავი. ეს არის, ერთი მხრივ, სერიოზული პოსტკრიზისული მიდგომა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, არის მნიშვნელოვანი სტიმულატორი ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 200-ლარიან სუბსიდირებას 1 ჰექტარზე და პროპორციულად, რა თქმა უნდა, იზრდება 10 ჰექტრამდე. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასევე იქნება საწვავის თვალსაზრისით ხელშეწყობა და მიეწოდება შემცირებული ფასით საწვავი ფერმერებს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

მან ფერმერებს აღნიშნული დახმარებით სარგებლობის მიზნით მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

„აღნიშნული პროგრამა ვრცელდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე და ვთხოვ ყველას, რომ მაქსიმალურად იჩქარონ, რომ დაარეგისტრირონ მიწის ნაკვეთები წლის ბოლომდე, რათა ისარგებლონ აღნიშნული შეღავათებით. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პროცესს და მეორე მხრივ, იქნება ფერმერული მეურნეობების სტიმულატორი განვითარების თვალსაზრისით,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.