„იმ დროს, როცა გარკვეული საქმიანობები მოსახლეობას შეეზღუდა, ჩვენ დავინახეთ გაზრდილი აქტივობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით"

იმ დროს, როცა გარკვეული საქმიანობები მოსახლეობას შეეზღუდა, ჩვენ დავინახეთ გაზრდილი აქტივობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შესაძლებლობებზე ორიენტაცია არის ჩვენი ამოსავალი, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ ეხმარება სახელმწიფო სოფლის მეურნეობას ასეთი მსხვილი პაკეტით.

მისივე თქმით, მათი ამოცანაა შესაძლებლობები მისცეს ხალხს, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის სურვილი გააჩნიათ.

„ჩვენი პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში და ზოგადად კრიზისების მართვაშიც და ანტიკრიზისული გეგმისასაც იყო ძალიან თანმიმდევრული, ლოგიკური და თითოეულ გადაწყვეტილებას ძალიან ლოგიკური ახსნა გააჩნია. როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე, აქ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 70 მილიონ ლარამდეა დაახლოებით. ანუ იმ პროექტებისთვის ჯამური ღირებულება, რომელიც პრეზენტაციის დროს წარმოვადგინეთ. ამის მიღმა ჩვენ გვაქვს სხვა პროექტები, რომელიც დღეს პრეზენტაციაში არ იყო. 300 მილიონი ეს არის ინვესტიცია, რომელიც სოფლის მეურნეობაში მიემართება და რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება. აქ არის გათვალისწინებული მათ შორის შეღავათები საწვავის კუთხით, რომელიც 40 მილიონ ლარის ფარგლებშია და ასევე საკრედიტო რესურსი, რომლის მობილიზებას და მოზიდვასაც ჩვენ ბანკებიდან მოვახერხებთ. რაც შეეხება კითხვას, რატომ ვეხმარებით სოფლის მეურნეობას ასეთი მსხვილი პაკეტით, იმ დროს როცა გარკვეული საქმიანობები მოსახლეობას შეეზღუდა ობიექტური მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ გაზრდილი აქტივობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შესაძლებლობებზე ორიენტაცია არის ჩვენი ამოსავალი, რომ შესაძლებლობები მივცეთ ხალხს, როცა მათ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის სურვილი გააჩნიათ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.