დაბალფასიანმა ავიაგადამყვანმა Ryanair-მა გამოაცხადა, რომ 1-ლი ივლისიდან რეისების 40 პროცენტს განაახლებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება სახის ნიღბების გამოყენება, ტუალეტით სარგებლობისთვის კი მათ ნებართვის აღება ეკიპაჟის წევრებისგან მოუწევთ.
ეს ნიშნავს, რომ ირლანდიური კომპანია, რომელიც მსოფლიოში უდიდესია იაფ გადამყვანებს შორის, 1-ლი ივლისიდან დღეში საშუალოდ 1000 რეისს შეასრულებს. კომპანიის განცხადებით, ამჟამად მისი თვითმფრინავები დღიურად მხოლოდ 30 რეისს ასრულებენ. სულ წინაკრიზისული პერიოდის ქსელის 90 პროცენტი დაიფარება, თუმცა ფრენები ნაკლები სიხშირით განხორციელდება.
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი მაიკლ ო’ლირი ამბობს, რომ აგვისტოში უკვე რეისების 50 პროცენტი დაიტვირთება. მაგრამ ფრენებისას, ადგილების სულ ცოტა ნახევარი მაინც, ცარიელი იქნება.
ეპიდემიური წესების შესაბამისად, Ryanair-ი მგზავრებისგან სპეციალური ფორმების შევსებას მოითხოვს, რომელშიც უნდა ჩაიწეროს, თუ რა დროს გაგრძელდება მათი ვიზიტი ქვეყანაში, სადაც მიფრინავენ და სად აპირებენ დარჩენას. ეს ფორმები შემდგომში ევროკავშირის მთავრობის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა, რომლებიც ამ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ საკარანტინო ზომები იქნება გამოსაყენებელი.
მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო წესები, იქ მგზავრობას ართულებს. მაგალითად ბრიტანეთში, რომელიც „რაიანეარის“ სამი უდიდესი ბაზრიდან ერთ-ერთია, მოქმედებს წესი, რომლის შესაბამისადაც, იქ ჩასულმა ნებისმიერმა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.
Ryanair-ი ყოველ ღამით დეზინფექციას ჩაუტარებს ბორტს. აიკრძალება რეისების დროს სალონში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. მგზავრებს კი თვითმფრინავში შესვლის წინ, ტემპერატურის გაზომვას სთხოვენ.