„სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის - არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები პირველად წარმოებაში იყოს"

სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, უცხოელებისთვის მიწების გასხვისების ნაწილში პოლიტიკის შერბილება მოგვიწიოს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქარათველოს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის 90%-ზე მეტს 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოუდგენელია.

„ჩვენი მიდგომა ამ ნაწილში არ შეცვლილა, ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში ავსახეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ უცხოური მსხვილი ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში. ძალიან დიდ ინტერესს და პოტენციალს ვხედავთ, უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოსვლის კუთხით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს გადამამუშავებელ, სასურსათო მრეწველობას და ა.შ. თქვენ იცით, როგორია ჩვენი სასოფლო სამეურნეო სტრუქტურა, დაახლოებით 1 ჰექტრიანი მეურნეობები წარმოადგენს 90%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში აქ უცხოური პირდაპირი ინვესტიცია წარმოუდგენელია. რეგისტრაცია ფერმერებს აძლევს საშუალებას, იყვნენ ჩვენი რეალური პარტნიორები და გამსხვილდნენ, მათ შორის კოოპერაციაში რეჟიმში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.