მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რაჭის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
დავითაშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთები ფეთქდება და რიონი დაიკარგება, არის ტყუილი, მოღალატეობრივი და რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„რაც შეეხება რაჭის კასკადთან დაკავშირებით, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმგვარი დეზინფორმაცია და მე ვფიქრობ, რომ ასევე უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. ის მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის მკვიდრი მოსახლეობის, ონის მოსახლეობის და ამ დეზინფორმაციის მიზანი მათი შეცდომაში შეყვანა იყო. უბრალოდ ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული, იყო ტყუილი. პირველ რიგში იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, ორივე ფაქტი არის ტყუილი, არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება, არც მდინარე რიონის დაკარგვა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100%-ით გათვალისწინებული. როდესაც საუბარი იყო, რამდენიმე წელიწადი ხდებოდაო განხილვა და მარტში გაიცა ნებართვაო, ეს იყო რამდენიმეჯერ გადავადებული რადგან რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა წინ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ის ასპექტი, რომელზეც იყო საუბარი, რომ არ იყო შესწავლილი კომპეტენტური ექსპერტების მიერ.
რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი“, - განაცხადა დავითაშვილმა.